დედამიწა

დედამიწა

Tuesday, September 6, 2016


ჯომოლუნგმა - მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი


მსოფლიოში ბუნების საოცრებათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ჰიმალაის მთებში ამოზრდილი უზარმაზარი მწვერვალი ევერესტი. მთების ეს მასივი ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 8850 მეტრია.

ევერესტი - ჯომოლუნგმა
ამ მწვერვალს რამდენიმე სახელი აქვს. ტიბეტელები მას „საგარმატხას“„ღმერთების დედას“ უწოდებენ, საერთოდ კი უფრო გავრცელებული სახელია ჯომოლუნგმა, რომელიც „ღვთაებრივს“  ნიშნავს.
ევერესტი კი ამ მწვერვალს ინგლისელი მეცნიერის, ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ უწოდეს მე-19 საუკუნეში. ჯომოლუნგმას მწვერვალი გამუდმებით ყინულითა და ნისლითაა დაფარული, აქ ქარი 200 კილომეტრ-სიჩქარით უბერავს, ღამით კი ტემპერატურა 60 გრადუსამდე ეცემა. ჯომოლუნგმა პირველად 1953 წლის 29 მაისს დაიპყრეს ნორვეგიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა თენსინგ ნორგეიმ.
მწვერვალამდე  ასვლას ორი თვე სჭირდება, მათ შორის მთასვლელები გარემოს უნდა შეეგუონ, დაბანაკდნენ და სათანადოდ მოემზადონ. დალაშქვრისათვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა.
საინტერესოა, რომ პირველი ქალი, ვინც ევერესტზე ავიდა, იყო იაპონელი ჯუნკო ტაბეი (1976 წ.). ასევე იაპონელი იყო 71 წლის ადამიანი, რომელმაც მწვერვალი დაიპყრო, ყველაზე ახალგაზრდა კი - 19 წლის ამერიკელი გახლდათ.
ქართველ მთასვლელთა შორის ჯომოლუნგმა დალაშქრეს - გია თორთლაძემ, ბიძინა გუჯაბიძემ და სხვებმა.  




ისრაელი

ისრაელი უძველესი და ამავე დროს ერთადერთი ახალი იუდაისტური სახელმწიფოა მსოფლიოში. იგი 4000 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა. საუკუნეების მანძილზე მას დამოუკიდებლობა არ გააჩნდა. 1948 წლის 14 მაისს აღიდგინა ისრაელმა დამოუკიდებლობა.
ისრაელი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარეობს, არაბეთის ნახევარკუნძულზე ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი ფართობი 14 ათასი კვ.მ-ია.
ისრაელის ბუნება მრავალფეროვანია. ხმელთაშუაზღვისპირეთი, ნაყოფიერი მინდვრები, ტყით დაფარული გალილეის მთები, ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი უდაბნო ნეეს უკავია.
ისრაელში ზაფხული მშრალი და ცხელი იცის, ზამთარი კი - თბილი და წვიმიანი.

ისრაელი
ისრაელი უდიდესი მდინარეა იორდანი. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიედინება და კინერეტის ტბაში ჩაედინება, შემდეგ აგრძელებს გზას იორდანის ხეობაში და ერთვის მკვდარ ზღვას.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ებრაელია. აქ ცხოვრობს აგრეთვე მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა. ისრაელი განვითარებული ქვეყანაა. ისრაელში თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული მრეწველობის უახლესი დარგებია განვითარებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალმასის დამუშავებაა. აქაური საწარმოები აწვდის ბრილიანტს მსოფლიო ბაზარს. აგრეთვე კარგადაა განვითარებული საფეიქრო, კვებისა და სამხედრო ინდუსტრია.
ქვეყანა ძალიან წარმატებულია სოფლის მეურნეობით. ებრაელმა ხალხმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნაყოფო უდაბნოები ბაღნარებად გადააქცია. მოჰყავთ ციტრუსი, ბამბა, ხილი, ბოსტნეული, ყვავილები. მეცხოველეობიდან განვითარებულია მესაქონლეობა. მოშენებულია ცხვარი, თხა, ცხენი, აქლემი.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. აქ ერთად თავმოყრილია ქრისტიანობა, იუდაიზმი და მუსლიმობა. ისრაელის მნიშვნელოვანი ქალაქებია: თელ-ავივი, ხაიფა, აშდოდი, ნაზარეთი და სხვა მრავალი. ფულადი ერთეულია ახალი შეკილი. ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე.
ებრაელებისთვის ყველაზე ძვირფასია გოდების კედელი. იგი ძველი, დანგრეული სინაგოგის გადარჩენილი ნაწილია. ამ კედლის ქვებს შორის, ღრმულებში მლოცველნი ფურცლებს ტოვებენ ზედ დაწერილი სურვილებით.
მუსლიმური სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ალ-აკსას და ომარის მეჩეთები.
ჩვენთვის, ქრისტიანობისთვის, უძვირფასესია უამრავი მეჩეთი და ქუჩა - საიდუმლო სერობის ადგილი, უფლის საფლავი, გოლგოთის გზა - რომელიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ განვლო ჯვარცმამდე. გეთსიმანიის ბაღი, მდინარე იორდანე და სხვა უამრავი სიწმინდე. იერუსალიმში მდებარეობს ქართველთა ჯვრის მონასტერიც, რომელიც ამჯერად, დროებით ჩვენ აღარ გვეკუთვნის.



ვულკანი

ვულკანი - კონუსისებრი მთაა, რომელიც დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილებისა და გაცივების შედეგად წარმოიქმნება. არსებობს მოქმედი და ჩამქრალი ვულკანები. ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშიშად ითვლება. 
გარეგნულად ვულკანი კონუსისა და კრატერისაგან შედგება, ანუ ვულკანის მწვერვალზე არსებული ჩაღრმავებული წრისაგან. კრატერის შიგნით მდებარეობს ვულკანის კერა და ყელი. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანში ლავა თავის კალაპოტში მიედინება, მაგრამ როდესაც იგი მიმართულებას იცვლის, მაშინ ძალიან საშიშია. ამ დროს თავისი კონუსის ფერდობიდან გადმოაფრქვევს ხოლმე ლავას. ლავა სწრაფად მოძრაობს და ანადგურებს ყოველივე ცოცხალს., გადაუვლის ყველაფერს, რაც გზად ხვდება, ფარავს და ასწორებს მიწის ზედაპირს.
აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი. ვულკანის სიღრმიდან ამოიფრქვევა: თხევადი ლავა, მყარი ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი სახით კი - წყლის ორთქლი და ნახშირორჟანგი. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.
დედამიწაზე 1300-ზე მეტი მოქმედი ვულკანია, მათი უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ყველაზე მეტი ვულკანი ინდონეზიის კუნძულებზეა, სადაც 200 ვულკანია. 






No comments:

Post a Comment